დუშან უჰრინი: "ჩვენი მთავარი მიზანი ყველა მომდევნო შეხვედრის მოგებაა" |
|
|
|
| ჟურნალი |
|
10-11 აგვისტოს, ფეხბურთში საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი იღებს სტარტს. წინა ჩემპიონატში წარუმატებლობის შემდეგ, გულშემატკივირის განსაკუთრებული ყურადღება თბილისის "დინამოსკენაა" მიპყრობილი. ის თუ როგორ ხვდება გუნდი ახალ ჩემპიონატს, რა სიახლეებია. ამ საკითხებზე Geosports.ge "დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელს, 44 წლის ჩეხ სპეციალისტს - დუშან უჰრინს ესაუბრა. ჩვენი შეხვედრა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგა. - რა შთაბეჭდილებებით ჩამოხვედით თქვენთვის უცხო ქვეყანაში, რას ელოდით და რა დაგხვდათ? - ქართული ფეხბურთის შესახებ ადრეც ბევრი ვიცოდი, მამაჩემს ხშირად ვეკითხებოდი და ისედაც მისი რჩევები ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ზოგადად, უცხო გარემოს რაც შეეხება, 4 წელია საზღვარგარეთ მიწევს მუშაობა და ესეც არაა ჩემთვის ახალი. თუმცა სიურპრიზებიც დამხვდა, ეს ბაზა, რომელიც იდეალურია გუნდის მოსამზადებლად. სიახლე იქნება ჩემთვის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, აქამდე არც ჩეხეთში, არც სხვა ჩემპიონატებში, ჩემ გუნდს ასეთ მოედანზე არ უთამაშია, მოკლედ შთაბეჭდილებები საუკეთესოა, დარწმუნებული ვარ, აქ საკმაოდ საინტერესო მოღვაწეობა მელის. - რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა გადაგაწყვეტინათ? - ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მამაჩემა შემომთავაზა ხომ არ ჩავიბარებდი თბილისის "დინამოს". კონტრაქტის ხელმოწერამდე, სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის, 4-5 დღე მომიწია აქ ყოფნა, რათა ადგილზე მენახა ყველაფერი, რის შემდეგაც თანხმობა განვაცხადე. საკმაოდ საინტერესო გამოწვევაა, ეს ხომ "დინამოა", ყველაზე პოპულარული და ამბიციური ქართული კლუბი და ჩემთვის დიდი პატივია მისი მთავარი მწვრთნელობა. აქვე მინდა ორიოდ სიტყვა ჩვენი კლუბის პრეზიდენტზე, ბატონ რომან ფიფიაზეც ვთქვა, იგი ძალიან ბევრს აკეთებს კლუბისთვის - ბაზა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, სტადიონი, მოსამზადებელი პირობები ყველა ასაკობრივი გუნდისთვის, ეს ყოველივე მხოლოდ დინამოს კი არა, ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება. - როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, ამ გუნდის გულშემატკივარი ყოველთვის ავლებს პარალელს მისი ყოფილი კლუბების წარმატებებთან თუ წარუმატებლობასთან. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, თქვენ საკმაოდ საინტერესო სამწვრთნელო კარიერა გაქვთ, მაინც რომელი პერიოდია თქვენთვის განსაკუთრებული? - ამ მხრივ ალბათ ჩემ კარიერას ორ ნაწილად გავყოფ, პირველი განსაკუთრებული მოგონებები "მლადე ბორისოვს" უკავშირდება, ჩვენ ხომ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. მეორე ეტაპი იყო "ტიმიშოარა", აქ ჩემპიონიც ვიყავი და მეორეადგილოსანიც, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და დამშვიდობება მომიწია, ორივე შემთხვევაში ჩემი გუნდი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა, ნამდვილად მიჭირს რომელიმე ეტაპის გამოყოფა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაზე კარგად მოსაგონარი პერიოდია ჩემ ცხოვრებაში. - როგორ ფეხბურთს უნდა ელოდოს "დინამოს" გულშემატკივარი საყვარელი კლუბისგან? - მე ვიცი რას ნიშნავს ეს კლუბი და რა ფეხბურთს თამაშობდა იგი ჩემამდე. სხვათაშორის, ჩემთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი დიდი ქალაქია, მაყურებელი სტადიონზე არ დადის. მაქსიმალურად ვეცდები ცვლილებები სასიკეთო მიმართულებით განვახორციელო, დინამომ ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხალხმა ჩვენ თამაშებზე დაიწყოს სიარული. შესაძლოა ეს ცვლილებები გუნდს პირველივე თამაშებიდან არ დაეტყოს, თუმცა პირობას გაძლევთ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ და გულშემატკივარს სტადიონზე დავაბრუნებთ. - ვიდრე კლუბის ახალ წვეულებზე ვისაუბრებთ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმ ლეგიონერების შესახებ, ვინც უკვე დაგხვდათ კლუბში? - ლეგიონერებს რაც შეეხებათ, მე იმ მოსაზრების მომხრე ვარ, რომ უცხოელის დამატებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ის ადგილობრივზე უკეთესია. გუნდში დამხვდნენ ესპანელები და ბრაზილიელი რობერტინიო, დავიმატეთ კიდეც რამდენიმე. გამოყოფით ვერავის გამოვყოფ, ყველა გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ისინი პროფესიონალები არიან და იციან თავიანთი საქმე. თუმცა გუნდში ადგილის მოსაპოვებლად შრომა მოუწევთ, უნდა დაამტკიცონ, რომ ძირითადში ადგილის ღირსნი არიან. სხვა მხრივ, მე პრობლემა არ მაქვს. ტიმიშოარაში 15 ლეგიონერი მყავდა. - მიიჩნევთ, რომ გუნდში ამ მომენტისთვის შეკრებილი ფეხბურთელების კონტიგენტი საკმარისია მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად? ხომ არ უნდა ველოდოთ ახალ სახეებს, ან იქნებ ვინმესთან დამშვიდობებას აპირებთ? - საკმარისია თუ არა ეს კონტიგენტი, ამას დრო გვაჩვენებს, თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული მათი ადგილი გუნდში. გადაწყვეტილია, რომ კოტ დიუვარელ ფრანსის კონეს და ესტონელ, ვოსკობოინიკოვს ვტოვებთ, ობოტოლასთან დამშვიდობება მოგვიწია, ის ამ ეტაპზე არ იყო ფიზიკურად მზად. დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდში თავდამსხმელის პრობლემას ამ ფეხბურთელებით მოვაგვარებთ, გარდა ამისა გვყავს იაგუე, რომელიც ამ დრომდე დინამოს ერთადერთი ცენტრფორვარდი იყო. ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გარკვეულ მოლაპარაკებებს, თუმცა ამას ჯერ საიდუმლოდ დავიტოვებთ. - გასულ სეზონში დიდი აურზაური გამოიწვია ჩემპიონატის ჩატარების სისტემამ, რასაც დებულებაში გარკვეული ცვლილებები მოჰყვა. თქვენთვის მისაღებია ის ფორმა რაც ახლა არსებობს? - ჩემპიონატის სისტემა ეს უბრალოდ შეჯიბრების ნაწილია, მე მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ის ხომ ყველა გუნდისთვის საერთოა. ჩვენთვის მთავარი ყველა მომდევნო შეხვედრის მოგებაა და არა ჩემპიონატის დებულება. - თქვენ "დილა"-"ანორთოსისის" მატჩს ესწრებოდით. თუ გაქვთ ნანახი სხვა ქართული კლუბების მატჩები და რა სამუშაო გასწია "დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა ამ მიმართულებით? - კი, "დილა" ნამდვილად კარგი გუნდია, საკმაოდ კარგი ფეხბურთელებიც ყავს. შეეძლოთ "ანორთოსისთან" შედეგისთვის მიეღწიათ. იმედი მაქვს დილა განმეორებით შეხვედრაში სასურველ შედეგს მიაღწევს. ისინი სერიოზული კონკურენტები არიან. ვფლობ ინფორმაციას სხვა ქართული კლუბების შესახებაც. საკმაოდ დაძაბული შეჯიბრება გველის და ყველა მეტოქისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული თამაშების ჩატარება ხელოვნუსაფარიან მოედანზე მოგვიწევს, რომელიც, როგორც ვიცი, არც თუ მაღალი ხარისხისაა და რაც გარკვეულ დისკომფორტს შეგვიქმნის. - 11 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. თქვენ კი, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში, ოფიციალური დებიუტი გაქვთ. მეტოქე რუსთავის "მეტალურგია". როგორ ხვდება კლუბი სადებიუტო მატჩს და მეტოქეზე რისი თქმა შეგიძლიათ? - გუნდი ჩემპიონატის სტარტს სრულ მზადყოფნაში შეხვდება, თუმცა ყველაფერს მაინც თამაში გვაჩვენებს. ჩვენც მეტოქეს უკვე ნათამაშები აქვს ოფიციალური შეხვედრები ევროპა ლიგაზე, მათ ჩვენზე ადრე დაიწყეს მომზადება და საკმაოდ კარგ კონდიციებში შეხვდებიან ამ თამაშს. სასურველი შედეგის მისაღწევად სრული მობილიზება და კონცენტრაცია გვმართებს. - თბილისის "დინამოს" უკანასკნელი წარმატება, უკანასკნელი ჩემპიონის ტიტული 2008 წელს, სწორედ მამათქვენის სახელს უკავშირდება. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? - რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემპიონობა ხომ ყველას სურს და მათ შორის მეც. თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ მარტო სიტყვები საკმარისი არაა, ბევრი შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად. - საუბრის ბოლოს, თქვენი და "დინამოს" მიზნების შესახებ? - ჩემპიონობა? ეს ხომ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და ბანალურად ჟღერს, ჩვენი მთავარი მიზანი ყველა მომდევნო თამაშის მოგებაა... შესაბამისად, ჩემპიონის ტიტულიც არსად გაიქცევა. ფოტო: ოთარ მუმლაძე |
ჟურნალი
|
|
|
|
|
|
| დაწვრილებით... |
|
დაწვრილებით... |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
იმედის ფსონი

სუპერლიგის ფინალური სერიის წინათქმა
ვერცხლისმედალოსნებმა ჩემპიონატი მოგებით დაასრულეს
SOS! "იბერია სტარმა" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს!
"მილანი" VS კახი კალაძის მეგობრები - პრესკონფერენცია
თასის მფლობელი 22 მაისს გამოვლინდება






დუშან უჰრინი: "ჩვენი მთავარი მიზანი ყველა მომდევნო შეხვედრის მოგებაა"
ფეხბურთელების ავტომობილები
კარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს
დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: ყველაზე წარმატებული ქვეყნები და ქალაქები







.jpg)





















